გერბი - ბრაზილიის გერბი – ბრაზილიის სახელმწიფოებრივი სიმბოლო. შეიქმნა 1889 წლის 19 ნოემბერს, ბრაზილიის რესპუბლიკის შექმნიდან 4 დღის შემდეგ.
გერბი შედგება ცენტრალური ემბლემისგან, რომელიც შემოსაზღვრულია ბრაზილიის ორი უმნიშვნელოვანესი კულტურის - ყავის (მარცხნივ) და თამბაქოს ტოტებისაგან.
ცენტრში, ლურჯ წრეში, გამოსახულია თანავარსკვლავედი სამხრეთის ჯვარი. ლურჯი წრის გარშემო გამოსახული 27 ვარსკვლავი აღნიშნავს ბრაზილიის 26 შტატსა და 1 ფედერალურ რაიონს.
დროშა - ბრაზილიის დროშა — ბრაზილიის სახელმწიფო სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. შეიცავს დიდ მწვანე მინდორს, რომლის ცენტრშიც მოთავსებულია ყვითელი რომბი. ყვითელი რომბის შიგნით მოთავსებულია ლურჯი წრე, რომელშიც გაბნეულია 27 სხვადასხვა ზომის ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომლებიც გამოსახავენ სამხრეთ ნახევარსფეროს ხუთ სხვადასხვა თანავარსკვლავედს. ლურჯ წრეს გასდევს თეთრი ლენტი, რომელზეც მწვანე ასოებით აწერია ბრაზილიის ეროვნული დევიზი: Ordem e Progresso (წესრიგი და განვითარება).
თანამედროვე დროშა მიღებული იქნა 1889 წლის 19 ნოემბერს. ძირითადი კონცეფცია ეკუთვნის რაიმუნდო ტეშეირა მენდესს, მიგელ ლემოსსა და მანუელ ფერეირა მენდესთან ერთად. ნახატი შეასრულა დესიო ვილიარესმა. დროშის ამჟამინდელმა ვარიანტმა, თავდაპირველთან შედარებით განიცადა რამდენიმე მცირე ცვლილება. საბოლოო ცვლილება შეიტანეს 1992 წლის 12 მაისს.
No comments:
Post a Comment